ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართული მხარის მიერ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოთხი და რუსეთის ორი მოქალაქის გათავისუფლებას მიესალმება. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიამ დღეს სპეციალური განცხადება ოფიციალურ ვებგვრდზე გამოქვეყნა.
"6 პირის გათავისუფლება დაკავებულებთან დაკავშირებული საერთო მდგომარეობის ცვლილებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ადგილზე მდგომარეობის განმუხტვისა და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი სისტემის მეშვეობით მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის მისიას მიაჩნია, რომ მოცემული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორუმს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მონაწილეობა აღადგინოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესში", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ 29-30 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრები ზაურბეკ ხესტანოვი, ნიჟეგორიდის ოლქის მცხოვრები თემურ ამზოევი, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები გონერი ტოროშელიძე, გენადი პლიევი, ვადიმ ტადტაევი და ხათუნა ჩარაევა გაათავისუფლა და ოსურ მხარეს გადასცა.