ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველომ სამი დაკავებული გაათავისუფლა.
"ორი მათგანი _ რუსეთის მოქალაქეა. ზაურბეკ ხესტანოვი ჩრდილო ოსეთის ქალაქ ალაგირის მაცხოვრებელია, თემურ ამზოევი კი ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ დერჟინსკის მაცხოვრებელი. ერთი _ კი სოფელ არცევის მაცხოვრებელი გონერი ტოროშელიძე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა", _ იუწყება კომიტეტი და აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულების ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომლებისათვის გადაცემა ერგნეთის დასახლებულ პუნქტთან მოხდა.
ზაურბეკ ხესტანოვმა ოსურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა იგი ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების მონახულების წესის დარღვევის გამო დააკავეს. მისივე თქმით¸მას ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესთავაზეს. ამისათვის კი მას საქართველოში ბინა და პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა შესთავაზეს.
თემურ ამზოევი კი აცხადებს, რომ მას ქართველმა სამართალდამცავებმა გათავისუფლებისას საბუთები არ დაუბრუნეს. იგი, მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის აგვისტოში დააკავეს, მაშინ როდესაც მას შვილიშვილი საქართველოში სასწავლებლად მიყავდა.
შეგახსენბთ, რომ ქართულმა მხარემ გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქე გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები