ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პრეზიდენტი და პრემიერიც გაეროში ერთი დელეგაციის ფარგლებში წასულიყვნენ.
,, რაც შეეხება იმას უნდა წავიდეს თუ არა გაეროში ორი დელეგაცია ვიტყოდი, საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა პრეზიდენტი და პრემიერიც ერთი დელეგაციის ფარგლებში წასულიყვნენ და არა ცალ-ცალკე", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ის დაპირისპირება, რომელიც თუნდაც გაეროში საქართველოს დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის წარმოიშვა ქვეყანას აზიანებს.
,, ასეთი დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რა თქმა უნდა, ავნებს ქვეყნის იმიჯს და ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას ქვეყნის შიგნით. მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და პრობლემებთან ერთად ამდენი შანსი, რომელსაც იგივე საგარეო პოლიტიკური რეალობა საქართველოს სთავაზობს ამ ფონზე ეს დაპირისპირება ცალსახად უარყოფითი დატვირთვის მატარებელია", _განაცხადა ლაგაზიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან როგორც პრემიერი, ასევე პრეზიდენტი გაემგზავრება. Aამის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით საქართველოდან ორი დელეგაციის გაეროში სტუმრობა ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.