ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის" პოლონურ გამოშვებაში გამოქვეყნებულია ინტერვიუ „გაზეტა ვიბორჩას" მთავარ რედაქტორთან ადამ მიხნიკთან, რომელიც ჟურნალისტ პეტრ ნაიშტუბთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და მასში ვლადიმერ პუტინის როლზე საუბრობს. ინტერვიუში ადამ მიხნიკი საქართველოსაც მოიხსენიებს.
"ჯი-ეი-ენი" გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის კონფლიქტის მიმართ ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულება გაკვირვებთ, მაგრამ მანამდე ხომ იყო მისი ულმობელი მოქმედება ჩეჩნეთში, შემდეგ იყო საქართველო... განა წინა ნაბიჯები პუტინის დღევანდელ სახეს არ განაპირობებს?
ადამ მიხნიკი: არსებობს დავა, მართლები იყვნენ თუა არა ისინი, ვინ პირველად თქვა, რომ „კაგებეს" პოლკოვნიკი სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოსო. ამის შესახებ მე ჩემი რუსი მეგობრებიც (დისიდენტები) მეუბნებოდნენ, მე კი მათ ვედავებოდი. ვფიქრობდი, რომ მათ პატიმრობაში და ციხეებში მიღებული სულიერი ტრამვა ალაპარაკებდა. მეგონა, რომ პუტინი დოქტრინერი არ იყო, მეგონა, რომ ისიიც, სხვა ყოფილი კომუნისტი ლიდერების მსგავსად (ალგირდას ბრაზაუსკასი - ლიტვაში, ლეშეკ მილერი და ალექსანდრე კვასნევსკი - პოლონეთში) დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩაეწერებოდა, მაგრამ, სხვებთან ერთად, მეც შევცდი. სხვათა შორის, ჯორჯ ბუშსაც სჯეროდა „გადატვირთვისა", მაგრამ ისიც შეცდა.
რაც შეეხება ჩეჩნეთში [პუტინის მოქმედებას], იქ იყო რეგიონის ამბოხი, რომელსაც შემდეგ ისლამისტ-ფუნდამენტალისტები მართავდნენ. ეს სრულიად სხვა რამეა.
საქართველო? რასაკვირველია, რუსეთის [ძალისმიერი] რეაქცია შეუსაბამო იყო, მაგრამ თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მისცა რუსეთს საბაბი მოქმედებისათვის და ფიქრობდა, რომ იმ გაურკვევლობაში, სანამ ვლადიმერ პუტინი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა, იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ხელში ჩაიგდებდა. ასე რომ, ეს ანექსია მაინც არ არის. ანექსია სულ სხვა რაღაცაა, რომელიც არსად 1945 წლის შემდეგ არ მომხდარა.