აშშ-ის რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ" გაავრცელა ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" კორესპონდენტის პოლ სტიუარტის მიერ მომზადებული მასალა თბილისში პენტაგონის შეფის - ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის შესახებ.
„აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისადმი მიმართულ დახმარებას. მისი ვიზიტი საქართველოში უკრაინის მოვლენების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცხოვრებნი შეშფოთებით აკვირდებიან. ამის მიზეზი ცნობილია: 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა.
თბილისი ჩაკ ჰეიგელის ტურნეს პირველი პუნქტია, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში, უელსში დასრულებული ნატოს სამიტის შემდეგ დაიწყო. ამ სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა გაფართოებული უფლებამოსილებით. კავკასიური ქვეყანა ნატოს წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მაგრამ მოსკოვი მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აქტიურად ეწინააღმდეგება.
„რუსეთის მოქმედება საქართველოსა და უკრაინის მიმართ ის გრძელვადიანი პრობლემაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად უყურებს", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა ჟურნალისტთა შეკითხვების საპასუხოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ, - თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქცევამ შეერთებული შტატები საქართველოსთან და თქვენს ევროპელ მეგობრებთან დაახლოვა".
ამერიკის თავდაცვის მინისტრის სიტყვები გაჟღერდა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ხელმოწერილი შეთანხმება სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კვლავ ჩაშლის წინაშე აღმოჩნდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იმედი გამოხატა, რომ ზავი შენარჩუნდება, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს მწარე გამოცდილება რუსეთთან მიმართებით დიდ იმედების საშუალებას მაინც არ იძლევა.
ირაკლია ალასანიამ უკრაინის კონფლიქტი 2008 წლის კონფლიქტის გაგრძელებად მიიჩნია, როცა საქართველო სამხრეთ ოსეთის გამო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. იმ დროს მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს საქართველოსაგან გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაცვა წარმოადგენს, რომელსაც ქართული არმია თავს დაესხა. საქართველომ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულეს.
ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან ომი რუსეთისათვის გენერალური რეპეტიცია იყო ყირიმის ანექსიის წინ: „რა თქმა უნდა, ჩვენთვის მტკივნეულია ის, რომ თავის დროზე მსოფლიომ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიული ქცევის აღკვეთა და ახლა ჩვენ ამის მისაგებელს უკრაინაში ვიხდით", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ჩაკ ჰეიგელმა ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს „მნიშვნელოვანი გამარჯვება" უწოდა. როგორც ცნობილია, ალიანსის სამიტზე დადგინდა, რომ საქართველოში სამხედრო-სასწავლო ცენტრის შეიქმნება, უფრო აქტიურად იქნება გაცვლილი სადაზვერვო მონაცემები და ჩატარდება ერთობლივი წრთვნები.
მხარეებმა განიხილეს აგრეთვე „ბლეკხოქის" ტიპის ამერიკული ვერტმფრენების საქართველოსთვის მიყიდვის საკითხი. ჩაკ ჰეიგელმა დაარწმუნა თავისი ქართველი კოლეგა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ნატოში გაწევრიანების მიზნით.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჩაკ ჰეიგელმა თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი სასწავლო ცენტრის დათვალიერების წინ ამერიკელ და ქართველ სამხედროებთან ერთად.
ჩაკ ჰეიგელი ამჟამინდელი ვიზიტის გარდა საქართველოში ადრეც არის ნამყოფი - 2003 წელს.
საქართველოდან აშშ-ის თავდაცვის მინისტრი თურქეთში გაემგზავრება, სადაც იგი რუსეთის დაგმობიდან „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკების" წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაერთვება, რომლებიც სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ.
კვირას საქართველომ განაცხადა, რომ მზადაა თავისი ჯარისკაცებით მონაწილეობა მიიღოს კოალიციაში, რომელსაც აშშ აყალიბებს ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის: „საქართველოს შეუძლია განსაზღვრული დამხმარე როლი შეასრულოს. ჩვენ ამ საკითხს მთავრობაში უფრო ვრცლად განვიხილავთ და გავარკვევთ, როგორ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი მხარდაჭერა მოკავშირეებისადმი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.