ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ადრე დაკავებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქე გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, გათავისუფლებულია ორი მამაკაცი: ცხინვალის მცხოვრები გენადი ფლიევი, სოფელ დიდმუხას მცხოვრები ვადიმ თადეევი და ერთი ქალი _ ახალგორის რაიონის მცხოვრები ხათუნა ჩარაევა.
"ფლიევი და თადეევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში დასდეს ბრალი. ჩარაევა კი თბილისში დააპატიმრეს და ყალბი აშშ დოლარების შენახვა წაუყენეს ბრალდებად", _ იუწყება ოს სეპარატისტთა ინფორმაციის კომოტეტი.
მათი ინფორმაციით, თავად ყოფილი დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ აღიარებითი ჩვენება მიეცათ ამნისტიის დროს გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ.
"თადეევის თქმით, მან სამი სასამართლო გაიარა და სასჯელსაც იხდიდა. მას არ ჰქონდა იმედი, რომ ვადამდე გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოულოდნელად იგი ზონიდან გამოიყვანეს და სამხრეთ ოსეთის საზღვართან მიიყვანეს", _ იუწყება კომიტეტი და აღნიშნავს, რომ ჩარაევას ინფორმაციით, მას საქართველოს სპეცსამსახურებმა პირადი ინფორმატორობა შესთავაზეს.
"საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა თანამშრომლობა და ახალგორში მომხდარი მოვლენების მათთვის მიწოდება შემომთავაზეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრებოდნენ. ამ თანამშრომლობაზე უარი განვაცხადე, ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ბრალდება შეთხზეს", _ განაცხადა ჩარაევამ.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან ფლიევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიერ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლებს "პიარაქციად" აფასებენ, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში განხორციელდა.
"ამ შემთხვევაში საქართველომ "კეთილი ნების" აქტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს დაამთხვია. ეს საქართველოს სპეცსამსახურების სტილია _ ყალბი ბრალდებებით დააპატიმრონ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და შემდეგ მათთვის ხელსაყრელ მომენტში გაათავისუფლონ", _ აცხადებს ალან ფლიევი.
მასალის გამოყენების პირობები