აფხაზი სეპარატისტები საქართველოს მიმართ აშშ-ს მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ რომ "აშშ იყენებს რა ორმაგ სტანდარტებს, ახდენს ისტორიული ფაქტების იგნორირებას და ამართლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკას".
სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ რუსეთის ერთ-ერთი სატელევიზიო არხისათვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას.
სეპარატისტული უწყება აღნიშნავს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოსოვოს პრეცედენტზე საუბრისას განაცხადა, რომ "იმთავითვე იუგოსლავიის დაშლიდან მოყოლებული კოსოვოს თავისუფლება სურდა. იქ მიიჩნევდნენ, რომ ეს რეგიონი იუგოსლავიის შემადგენლობაში ძალით ჩართეს". _ "ამით კლინტონმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საფუძვლიანობის ახსნა სცადა", _ აცხადებენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ "ჰილარი კლინტონის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო და იქ არ იყო ამგვარი წარმოდგენები, აშშ-ს მიერ ისტორიული ფაქტების იგნორირება და საქართველოს აგრესიული პოლიტიკის გამართლებაა".
"აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, აგრესორი-ქვეყნის მხარდაჭერაა, რომელმაც მრავალრიცხოვანი მოკავშირეებისა და ლობის არსებობის მიუხედავად მაინც ვერ შეძლეს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში გამართლება სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებების გამო", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები