ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის წევრები ჩავიდნენ. რუსული დელეგაცია ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური მთავრობის მიპატიჟებით ჩავიდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსული დელეგაცია დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მიიღო.
"რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთში იმიტომ დავპატიჟეთ, რომ გარკვეული წესრიგი დავამყაროთ აღდგენითი პროცესების მიმდინარეობაში, სადაც არის პრობლემები. განსაკუთრებით კი იმ დაქირავებულებთან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან დარეგისტრირებულნი", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ მატაროვმა განაცხადა, რომ ისინი ე.წ. ფინანსთა სამინისტროს და აღდგენით საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის მუშაობას შეამოწმებენ.
"გვინდა თანხების ხარჯვის ეფექტურობას გავეცნოთ. ასევე დავათვალიერებთ ობიექტებს რომელთა აღდგენაც ამჟამად მიმდინარეობს. ეს იქნება სასარგებლო თქვენთვის და საინტერესო ჩვენთვის", _ განაცხადა მატაროვმა. რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის სამუშაო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილამდე დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები