რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ფსკოვის 76-ე დივიზიის პირველი ასეული უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სრულად განადგურდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
გამოცემა „პსკოვსკაია გუბერნიას" გამომცემელს ლევ შლოსბერგს გადასცეს დივიზიის მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება პირველი ასეულის წევრების განადგურების ფაქტი.
„მასალებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ სტატიაში.
ჩანაწერის მიხედვით, 16 აგვისტოს ასეული უკრაინაში გადაისროლეს. 20 აგვისტოს მედესანტეებმა გაანადგურეს უკრაინის საგუშაგო და ჯავშანტექნიკა. ამის შემდეგ დასახლებულ პუნქტ გეორგიევკასთან ასეულის საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ჩანაწერში დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ასეულის განადგურების ფაქტი საბრძოლო მოქმედებების ზონაში რადიოელექტრონული ბრძოლის „ამერიკული ბრიგადის" მონაწილეობას უკავშირდება.
საუბრიდან ირკვევა, რომ ასეულის შემადგენლობაში 80 მედესანტე იყო, ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ათი მათგანი, დანარჩენი დაიღუპა.
დიალოგის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა, დაღუპული იყოს კიდევ 140 მედესანტე, რომლებიც არ ირიცხებიან რეგულარულ ჯარში, მაგრამ გაერთიანებულნი იყვნენ სპეციალურად დაკომპლექტებულ დანაყოფებში.
შეგახსენებთ, რომ ილოვაისკთან უკრაინის არმიის მიერ ტყვედ აყვანილი მედესანტეები აცხადებდნენ, რომ მათთვის მხოლოდ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ისინი წვრთნებში არ იღებდნენ მონაწილოებას, როდესაც ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები