საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გაეროში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ის მართავს სახელმწიფოს.
როგორც სესიაშვილმა „პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ღარიბაშვილს აქვს პასუხი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება დასმული გაეროში.
"მე ვფიქრობ პრემიერი უნდა იყოს წარმოდგენილი გაეროში, რადგანაც მას აქვს პასუხისმგებლობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება განხილული და ის ქვეყნის სახელით წარადგენს თავის შეხედულებას თემებთან დაკავშირებით. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად, გაეროში სიტყვით გამოდის არა გერმანიის პრეზიდენტი, არამედ კანცლერი", - აცხადებს სესიაშვილი.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, ამაზე უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშოაბა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
"სამწუხაროდ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომელიც მივიღეთ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად. ეს მოცემულობა, როგორც ჩანს არ არის ჯანსაღი და ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს. მითუმეტეს ჩვენ შეჩვეული ვიყავით, რომ პირველი პირი იყო პრეზიდენტი. დღეს კი პრეზიდენტი პოლიტიკური ბალანსის საყრდენია. ამიტომაც ვფიქრობ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად უნდა გაგრძელდეს მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით", - აცხადებს სესიაშვილი.