საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის გახსნას დაესწრა. ფორუმი, სახელწოდებით - "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" - თბილისში 1-3 სექტემბერს გაიმართება.
კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება. ლიდერთა ფორუმი აერთიანებს 250-ზე მეტ ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე საკუთარ ქვეყნებსა და რეგიონებში.
თბილისში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან და გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებენ საერთაშორისო ექსპერტები, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის სტუმრებს შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები