დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან, დროებით ამოქმედდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი.
კერძოდ, დღეიდან ძალაში შედის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი.
DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.
ასევე, 1-ლი სექტმებრიდან ძალაშია ასოცირების შეთანხმების პირველი კარი - ძირითადი პრინციპები; მეორე კარის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური დიალოგსა და რეფორმებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები და სხვა.
ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში არ ექცევა.
ასოცირების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 27 ივნისს მოეწერა.