საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩევლები კაუპო კანდი და კლერ დელესარი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების, ასევე ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების; ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უაღრესად თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე ურთიერთობების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები