მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავისი ე. წ. მთავრობის ძალოვანთა მონაწილეობით საგანგებო თათბირი მოიწვია. თათბირზე კოკოითიმ განაცხადა, რომ ტერაქტები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზედაც მოსალოდნელია და სავარაუდო კამიკაძე-თვითმკვლელებად საქართველოში რამდენიმე დღის წინ გადმოყვანილი გუანტანამოს პატიმრები დაასახელა.
"არ გამოვრიცავ, რომ ასეთივე ტერაქტები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდეს", _ განაცხადა კოკოითიმ.
საგანგებო თათბირი ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერმა მოსკოვში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემი წუთიერი დუმილით გახსნა. ამის შემდეგ მან ე. წ. სამართალდამცავ ორგანოებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად კონტროლის გამკაცრება დაავალა.
თათბირზე კოკოითიმ დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გადაყვანაზე.
"იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის უშუალო სიახლოვეს საქართველოს ხელისუფლება აპირებს დივერსანტების მომზადების უშუალო ბაზის გახსნას, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები გამოყენებული იქნებიან თვითმკვლელებად ჩვენთან ან ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე", _ განაცხადა კოკოითიმ.
მასალის გამოყენების პირობები