რუსეთისა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. მთავრობათაშორისმა კომისიამ 2010-2012 წწ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმა მოიწონა. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში აფხაზეთი 3 მილიარდ რუსულ რუბლს მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის რეგიონების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა გააკეთა.
"გეგმა მოწონებულია. აფხაზეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობათა ახალი ფურცელი გადავშალეთ. აქტიურად ვითანამშრომლებთ რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის", _ განაცხადა ბასარგინმა.
მისი თქმით, ფულადი სახსახრი, რომელთა საერთო მოცულობა 10.8 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტს შეადგენს, აფხაზეთის საგზაო მშენებლობის განვითარებას მოხმარდება. თანხა ასევე წარიმართება ენერგეტიკული და კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ტურიზმისთვის. ამას გარდა, რუსული მხარე დაეხმარება აფხაზეთს ახალი სამედიცინო ცენტრებისათვის აღჭურვილობის შეძენაში, მრეწველობის, განათლებისა და კულტურის განვითარებაში.
ბასარგინი აცხადებს, რომ ფულის ხარჯვაზე კონტროლს აფხაზეთი და რუსეთი ერთობლივად განახორციელებენ.
თავის მხრივ, აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხის ხარჯვა აუცილებლად გაკონტროლდება და აფხაზეთში ამისთვის სპეციალური ორგანო არსებობს.
"ეს იქნება სრული გამჭირვალობა. უპირველესად ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ. მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის იმ დონეს მივაღწევთ, როგორიც არის რუსეთში, თურქეთში და ევროკავშირში და ამ ამოცანას თავს ნამდვილად გავართმევთ", _ განაცხადა შამბამ.
მასალის გამოყენების პირობები