ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი სანდრო ურუშაძე "ივერია.ბიზ"-ზე აქვეყნებს სტატიას სათაურით "რატომ ვარ რეცეპტის მომხრე?" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის მედიკამენტოზური დანიშნულების მიცემის ერთადერთი გამართლებული ფორმა არის რეცეპტის გამოწერა და არც მკურნალობა და არც წამლის შერჩევა არ უნდა ხდებოდეს პაციენტსა და აფთიაქის თანამშრომელს შორის გასაუბრების შედეგად.
"დღევანდელ ვითარებაში რეცეპტის ერთადერთი დანიშულება ჯანრთელობისთვის საშიში მედიკამენტების რეალიზაციაზე კონტროლის დაწესებაა", - აცხადებს ურუშაძე და აღნიშნავს, რომ ის არ არის მომხრე რეცეპტის ინსტიტუტი გამოყენებული იყოს რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს მიერ საკუთარი ამბიციების, ან ფარმაცევტიული კომპანიების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
"მე არ ვარ მომხრე, რომ რეცეპტის ინსტიტუტი გამოყენებული იყოს რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს მიერ საკუთარი ამბიციების, ან ფარმაცევტიული კომპანიების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რეცეპტით გასაცემი ყოველი მედიკამენტის სანაცვლოდ გასაყიდად შემოვა მისი ანალოგი, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიყიდება და ეს მხოლოდ ამ კომპანიების მოგებას გაზრდის და არა პაციენტების დაცულობას. არ გამიკვირდება, თუ აფთიაქებში ექიმების „კაბინეტები" გაჩნდება, რომელებიც იქვე, ადგილზე გამოუწერენ მყიდველს საჭირო რეცეპტს", - აცხადებს ურუშაძე.
მასალის გამოყენების პირობები