. "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ალასანია მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს ვანდალიზმს უწოდებს და გმობს. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ვითარებას უკიდურესად დაძაბავს, როგორც რუსეთში ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. ალასანიამ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ეს არის გაუგონარი ვანდალიზმი. ასეთი მძიმე ტერაქტები ვითარებას ძაბავს როგორც რუსეთში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს საქართველოსთვის კარგი ვერ იქნება”, – აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორციელდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები