ლეიბორისტული პარტიის მტკიცებით, რუსეთის შემდეგ საქართველოს შეერთებული შტატების მიერ ოკუპაცია ემუქრება.
როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულს აშშ-ის თავდაცვის უწყების ის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გადამზადებას გულისხმობს.
"ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი მოწვევა. მან გაავსო პენტაგონის კონგრესი და თეთრი სახლის კანცელარია უამრავი წერილითა და ნოტით "მოდით იბატონეთ, ოღონდ მე გადამარჩინეთო". პირდაპირ ეუბნება ამერიკას - აგერ არის ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, საქართველოს ტერიტორია - გადაზიდეთ სამხედრო ტვირთები ავღანეთში რამდენიც გენებოთ, გამოიყენეთ სენაკის, დედოფლისწყაროს, მარნეულის აეროდრომები რისთვისაც გნებავთ... საქართველო ამერიკის შეიარაღებული ძალების ნებისმიერი კონტიგენტის განთავსების შემდეგ შტატების მიერ ოკუპირებული გახდება", - განაცხადა ნათელაშვილმა.
აღნიშნულის კონტექსტში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ თუ საქართველოს პირველი პირი ამას საკუთარი სურვილით არ გააკეთებს, ეს ხალხმა უნდა აიძულოს.
"გადადგომა ძალიან კულტურული ტერმინია. უნდა წაეთრეს სააკაშვილი აქედან და თუ არ წაეთრევა, უნდა გამოათრიოს ხალხმა", - განმარტა შრომის პარტიის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები