"ქრისტიან-დემოკრატებმა" თბილისის საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. ამ პოსტისთვის პარტიის ახალგაზრული ფრთის ლიდერი ლევან ჯაფარიძე იბრძოლებს.
ჯაფარიძე საზოგადოებას დღეს თავად "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წარუდგინა.
"მან კარგად იცის არა მარტო ჩვენი თაობის ახალგაზრდული ნაწილის პრობლემები, არამედ ის პრობლემები, რომელიც ყველა თაობას აწვალებს საქართველოს დედაქალაქში. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატად გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც დიდუბელების გასაჭირს ჯერ გულთან, შემდეგ კი საკრებულოში მიიტანს და ის შუა გზაში არ დაიკარგება", - განაცხადა თარგამაძემ.
თავად დიდუბის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის მტკიცებით კი, ის გამარჯვების შემთხვევაში დიდუბელებისთვის მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
"საკრებულო უპირველესად, უნდა იყოს ხალხისთვის და მე შევქმნი პრეცენდენტს, რომ ნებისმიერი დიდუბელი თავისი რაიონის მაჟორიტარს პირადად იცნობდეს და იყოს მისი ინტერესების გამტარებელი. ასევე პირობას ვდებ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დიდუბელების ხმა ყველაზე მაღალი ხმა იქნება თბილისის საკრებულოში", - განმარტა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" სიის პირველი ნომერი თბილისის საკრებულოს არჩევნებზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იქნება.
მასალის გამოყენების პირობები