საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის მეტროსადგურებში მომხადარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
“პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მოსკოვში, მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ ტერორიზმი მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, იგი უერთდება დილით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც ტერორიზმი კიდევ ერთხელ დაგმო”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ტერორისტული აქტების განხორციელებას ნებისმიერ ქვეყანაში გმობს, მით უმეტეს მაშინ, როცა მას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.