დეპუტატი გია ცაგარეიშვილი თბილისის მერს 10 შეკითხვით მიმართავს დ აპირობას იძლევა, რომ არჩევნებამდე 10-10 შეკითხვას ყოველ კვირას გაუგზავნის. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი 10 შეკითხვა, რომელიც უგულავას დღესვე გაეგზავნება თბილისის განათებისა და კეთილმოწყობისათვის გამოყოფილ ხარჯებს შეეხება.
ეს კითხები შემდეგია: 1. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თბილისის მერიისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა და მათი მიზნობრიობა; 2. ქალაქ თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების მოპირკეთების სამუშაობისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა; 3. ქალაქ თბილისში რიყეზე დამონტაჟებული ე.წ. სათვალთვალო კოშკურის ღირებულება და მისი დემონტაჟის მიზეზები; 4. თამარ მეფის სახელობის ხიდთან პრომეთეს ძეგლის მონტაჟისა და შემდგომი დემონტაჟის ღირებულება, ასევე ძეგლის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზეზები; 5. ქალაქ თბილისში რიყის ე.წ. რეკრიაციულ ზონად გადაქცევისა და შემდგომი განვითარების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა და ტენდერის პირობები; 6. ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობისათვის გაწეული და გასაწევი ხარჯები; 7. ქალაქ თბილისში გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯები და მიზეზები; 8. ქალაქ თბილისში ვაკისა და საბურთალოს რაიონებში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის საპროექტო ხარჯები; 9. ქალაქ თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და გამგებლების მობილური კავშირგაბმულობის ხარჯები; 10. ქალაქ თბილისის სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციისათვის გაწეული ხარჯები და ქალაქ თბილისის გარე განათებისათვის გამოყოფილი სახსრების ოდენობა 2007, 2008, 2009 წლების ზამთრის პიკის სეზონისათვის.
“ეს არის პირველი ეტაპის კითხვები, რაზეც ინფორმაციის მოპოვება არათუ რიგითი მოქალაქისათვის დეპუტატისათვისაც კი შეუძლებელია. ახლა მე ვიყენებ ჩემი დეპუტატის უფლებამოსილებას და მივმართავ თბილისის მერს როგორც საჯარო მოხელეს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულ კითხვებზე 15 დღის განმავლობაში გამცეს წერილობითი პასუხი”, – აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებამდე ყოველ კვირას უგულავას ახალ ახალ 10-10 შეკითხვას გაუგზავნის, მიღებულ ინფორმაციას კი საზოგადოებას გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები