თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო.
როგორც ბარამიძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ასპექტებს შეეხო.
"ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული საუბარი ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე, რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირებაზე, ასევე ადგილობრივ არჩევნებსა და ყველა იმ საკითხზე, რაშიც ევროკავშირი აქტიურადააა ჩართული", - განაცხადა ბარამიძემ.
თავის მხრივ, ევროპარლამენტის წარმომადგენელმა მილან კაბრნოხმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ვთანხმდებით იმაზეც, რომ ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მასში მონაწილეობისკენ ყველა ძალას მოვუწოდებთ. ეს დემოკრატიისკენ გადადმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. მნიშვნელოვანია ასევე კონსტიტუციური რეფორმა - ყველა ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებს", - განმარტა მილან კაბრნოხმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება.
სტუმრები ოკუპირებულ ახალგორშიც გეგმავენ ჩასვლას.
მასალის გამოყენების პირობები