"ეროვნული საბჭო" 19:00 საათზე საგანგებო სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიულ პარტიაში განუცხადეს, სწორედ სხდომაზე მოხდება პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის შედეგების ოფიციალურად გამოცხადება.
როგორც ცნობილია, პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. 18:00 საათზე დასრულდება, როგორც თბილისის მერობის, ასევე საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1024 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატების რეგისტრაცია.
პრაიმერის წესით რეგიონული კანდიდატები 5 აპრილიდან შეირჩევიან, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვები ჩატარდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის პრაიმერში კენჭს იყრიან "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი.
მერობის კანდიდატს "ეროვნული საბჭო" 9 აპრილს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე დაასახელებს, პრაიმერის პროცესი კი 20 აპრილამდე გაგრძელდება.
პრაიმერში მონაწილეობის მიღების სურვილი ჯერჯერობით ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - კონსერვატიულმა პარტიამ, ხალხის პარტიამ, მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის", მომავლის პარტიამ, მოძრაობა "ქრისტიანულმა საქართველომ" და ვეტერანთა კოალიცია "მამულიშვილმა" გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ საბჭოს დღეს ჩანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი საბჭოს ლიდერების ხვალინდელი გეგმების შესახებაც. როგორც ცნობილია, ძიძიგურის-დავითაშვილისა და ნოღაიდელის ტრიადამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.