საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. გაერთიანებული კომიტეტი 6 მინისტრის ანგარიშს უსმენს. მინისტრებიდან პირველი მოხსენება თეა წულუკიანმა გააკეთა.
იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრთა წინაშე. თეა წულუკიანმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მართლმსაჯულების რეფორმის სამი ეტაპი. იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მინისტრმა ისაუბრა მოსამართლეების სამწლიან გამოსაცდელ ვადასა და მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობა.
თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე. მისი თქმით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად იუსტიციის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება. აღნიშნული დეპარტამენტის შექმნის მიზანი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება.
„იუსტიციის სამინისტროში ვქმნით სპეციალურ, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს, რომელიც იმუშავებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი კანონების ევროპასთან დაახლოების საკითხზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ახალ შრომის კოდექსსა და მასში შესულ ცვლილებებზეც. მისი თქმით, დამსაქმებლებმა პატივი უნდა სცენ და შეასრულონ „საქართველოს შრომის კოდექსით" გათვალისწინებული ვალდებულებები.
მინისტრმა პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას და ამ სერვისების საზოგადოებამდე მიტანას. თეა წულუკიანის თქმით, დაგეგმილია იუსტიციის სახლების გახსნა ფოთსა და მცხეთაში.
კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის წევრები - საპარლამენტო უმცირესობის, შემდეგ კი უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან.
საქართველოს პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას ხვალინდელ სესიაზე გამოუცხადებს