პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.
18:00 საათზე დასრულდება, როგორც თბილისის მერობის, ასევე საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1024 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატების რეგისტრაცია.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის დამოუკიდებელ კანდიდატებს და საინიციატივო ჯგუფებს, გაიარონ რეგისტრაცია, როგორც თბილისის ასევე რეგიონალურ მაჟორიტარულ ოლქებში. "ეროვნული საბჭო" იქნება ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც დაფარავს საქართველოს ყველა 1024-ვე მაჟორიტარულ ოლქს, ამისათვის ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, განსაკუთრებული აქტიურობისაკენ მოვუწიდებთ სამხრეთ საქართველოს და იმ რეგიონების წარმომადგენლებს, სადაც ტრადიციულად ხელისუფლება "ეფექტურად" აყალბებს არჩევნებს", - განუცხადა "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ პრაიმერის წესით რეგიონული კანდიდატები 5 აპრილიდან შეირჩევიან, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვები ჩატარდება.
უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის პრაიმერში კენჭს იყრიან "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი.
მერობის კანდიდატს "ეროვნული საბჭო" 9 აპრილს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე დაასახელებს, პრაიმერის პროცესი კი 20 აპრილამდე გაგრძელდება.
პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს ექვსი პოლიტიკური სუბიექტი - "კონსერვატორები", "ხალხის პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "მომავლის პარტია", მოძრაობა "ქრისტიანული საქართველო" და ვეტერანთა კოალიცია "მამულიშვილი".