დღეს, 27 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გამართავს.
28 მარტს აუდრონიუს აჟუბალისი ქალაქ გორს ეწვევა. დაგეგმილია საველე გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად.
29 მარტს, 10:35 საათზე, აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
11:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება შეხვედრა საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
17:00 საათზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს მოინახულებს.
აუდრონიუს აჟუბალისი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან, ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.