ხვალ, 12 ივლისს ,,სამართლიანი არჩევნები" არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს ყველა (28) საარჩევნო ოლქში ხმის პარალელური დათვლის (PVT) მეთოდის გამოყენებით განახორციელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნები" საოლქო საარჩევნო კომისიებში მიავლენს 740-მდე სტატიკურ დამკვირვებელსა და 32 მობილურ ჯგუფს. კერძოდ: • 350 სტატიკური დამკვირვებელი განთავსდება თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე;• 4 თვითმმართველ ქალაქში (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 მუნიციპალიტეტში (ხონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) „სამართლიანი არჩევნები" ყველა (390) საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი;• დარჩენილ 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვარელი, მარტვილი, თიანეთი) „სამართლიანი არჩევნები" მხოლოდ მობილურ დაკვირვებას განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამომრჩევლებს, უკვე მეორედ, მერებისა და გამგებლების არჩევა 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მოუწევთ.
დედაქალაქთან ერთად, მერების ასარჩევად მეორე ტური რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება.
თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მერობისთვის იბრძოლებენ ასევე რუსთავში, ბათუმსა და თელავში.
რაც შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს - ქალაქ გორში მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" მერობის კანდიდატები იყრიან კენჭს. ოზურგეთსა და ფოთში კი ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
ამომრჩევლები, მერებთან ერთად, გამგებლებს 13 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში აირჩევენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში უკვე ჩამოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.