"რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში "ეროვნული საბჭოს" ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წევრი ლევან როინიშვილი.
შეხვედრაზე "ეროვნული საბჭოს" წევრებმა წინასაარჩევნო კამაპანიასა და მათი პოლიტიკური ბლოკის სტრატეგიაზე ისაუბრეს. კახა კუკავას განცხადებით, საბჭოს მიზანი უცვლელია - ხელისუფლების შეცვლა. მისი თქმით, ხელისუფლება ეტაპობრივად არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
"ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა ხელისუფლების შეცვლით უნდა მოხდეს, ამ მხრივ "ეროვნული საბჭოს" სტრატეგია არჩევნებზე გადის. დავრწმუნდით, რომ თბილისში ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია, თუ იქნება ოპოზიციის ერთობა. ჯერ კიდევ შარშან ვუთხარით ოპოზიციურ სპექტრს, რომ შეგვექმნა რაიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ დღეს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდა. ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და 28 მარტამდე ველოდებით სხვა ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებას", - განაცხადა კუკავამ.
"ეროვნული საბჭო" თბილისის მერის და ადგილობრივ არჩევნებს პოლიტიკური ბრძოლის უმაღლეს მწვერვალად არ მიიჩნევს. მათი თქმით, ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან მთავარი მიზანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა.
"მაისის არჩევნები მხოლოდ შუალედური პროცესია, რადგან სხვა, უფრო დიდი არჩევნების მოგებას ვაპირებთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა 30 მაისს არ დასრულდება", - აღნიშნა კუკავამ.
"ეროვნული საბჭოს" წევრებმა თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებზედაც ისაუბრეს. მათი თქმით, შესაძლოა, ამ დროისთვის "ეროვნული საბჭოს" ყველაზე მაღალი რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომლის რეიტინგიც იზრდება და ამას მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევები აჩვენებს.