რუსეთის დუმამ საქართველოს საზღვრების ოკუპაცია დააკანონა. მოსკოვი-ცხინვალი-სოხუმის შეთანხმება რატიფიცირებულია. შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე. წ. სახელმწიფო საზღვრებს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ. რუსმა დეპუტატებმა ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
შეთანხმების თანახმად, რუსეთს უფლება ენიჭება, ე. წ. სახელმწიფო საზღვრები სრულად გააკონტროლოს, აფხაზეთში გაკონტროლდება საზღვაო აკვატორიაც. ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები განლაგდებიან.
დოკუმენტში აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუს აგრესორთა მესაზღვრეების სტატუსი და პირობებიცაა გაწერილი. საქართველოს ორივე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამხედრო ქალაქები აშენდება. აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმებების განხილვის წინადადებით დუმას პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა.
ქართველი კანონმდებლები რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ ანექსიის გაგრძელებად აფასებენ.