დღეს ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდში მონაწილეობისთვის შვეიცარიაში მიემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ოს სეპარატისტთა ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული მოლაპარაკებებზე ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას "მკაფიოდ განსაზღვრული პოზიციით აგრძელებს".
"იმედს ვიტოვებთ, რომ 30 მარტს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განხილული იქნება ჩვენი წინადადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს საქართველოს მომხრეთა შეკრებად განვიხილათ, რომელიც მხოლოდ იმისათვის იკრიბება, რომ საქართველოს ხელისუფლების შავბნელი გეგმები განახორციელოს", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ოსური მხარე იმედია იტოვებს, რომ მოლაპარაკებათა ეს რაუნდი უშედეგოდ არ ჩაივლის და მასზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების შესახებ მონაწილეებს ერთიანი ხედვა ჩამოუყალიბდებათ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების I რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. II რაუნდი _ 2008 წლის 19 ნოემბერს. III რაუნდი _ 2008 წლის 17-18 დეკემბერს. IV რაუნდი _ 2009 წლის 17-18 თებერვალს. V რაუნდი _ 2009 წლის 18-19 მაისს. VI რაუნდი _ 1-2 ივლისს. VII რაუნდი _ 2009 წლის 17 სექტემბერს, VIII რაუნდი _ 2009 წლის 11 ნოემბერს, ხოლო _ IX რაუნდი 2010 წლის 28 იანვარს.
მასალის გამოყენების პირობები