ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია ოპოზიციონერ
კოლეგებს მერობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას ურჩევს.
ერთიანი კანიდიდატის აუცილებლობას ბესელიამ ხაზი კიდევ ერთხელ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაუსვა.
ამასთან, მან ოპოზიციონერი კოლეგები არაეთიკურ ქცევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ერთმანეთს საჯაროდ არ უნდა აკრიტიკებდნენ.
"არჩევნების შემდეგ, როცა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთვები, ვაპირებ ერთნაირად კრიტიკული ვიყო, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც პოლიტიკაში ჩემთვის მიუღებელ ფასეულობებს ამკვიდრებს. პოლიტიკა არ უნდა იყოს არენა, რომელსაც პოლიტიკოსები პირად, პოლიტიკურ მერკანტელურ ინტერესებს მოარგებენ", - განაცხადა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა ლიდერმა თბილისის მერობის საკუთარი ფავორიტი კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, სამაგიეროდ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დედაქალაქის თავკაცობისთვის ბრძოლას არ აპირებს.
"მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს", - განმარტა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები