ნაცმოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტურის თარიღი კანონდარღვევით განსაზღვრა, რის გამოც, პარტია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
,,„საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 1691 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადწყვეტილების გათვალისწინებით."ასევე, ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: „ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში."საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ორი მუხლიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა ყველაზე ადრე (იმ შემთხვევაში, თუ ორივე ინსტანციის სასამართლო სარჩელის განსახილველად 2-2 კალენდარული დღის ნაცვლად თითო-თითო დღეს გამოიყენებდა) შეიძლებოდა 9 ივლისს და არა 3 ივლისს გვიან ღამით, შეჯამებიდან 15 წუთში. ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ინსტანციის სასამართლო ცესკოს გადაწყვეტილებას უცვლელად დატოვებდა. ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევისა, ეწინააღმდეგება აგრეთვე, ცესკოსავე მიღებულ დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს მეორე ტურისათვის სავალდებულო პრეცედურების ვადებს", _განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, ცესკო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ოცნებების" ასრულების იარაღად იქცა.
,,დიახ, შეიძლება არჩევნების მეორე ტური ღამის 23.30.სთ-ზე დანიშნოს ცესკო-მ, იმიტომ რომ ივანიშვილმა ერთი დამატებითი ღამე იძინოს მშვიდად და რაც შეიძლება მალე მიიღოს მისმა რჩეულმა ნარმანიამ მიიღოს უპირატესი პირობები თბილისის მერის ნანატრი თანამდებობაზე ასარჩევად", _განაცახდა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.
მანამდე ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დააყენა წინადადება არჩევნების მეორე ტურის 16 ივლისს გამართვის შესახებ, თუმცა კომისიის წევრებმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს.
12 ივლისს თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების: ახმეტის, ყვარლის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების არჩევნების მეორე ტური ტარდება.
თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ერთმანეთს კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.
სხდომაზე ასევე გაფორმდა არჩევნების პირველი ტურის საბოლოო ოქმი, რომლის მიხედვითაც, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხმების 50,48%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 22,48 პროცენტი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ" 10,22% მიიღო.