შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში მცხოვრებ ზექიე დავითაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში 1 000 ლარი გადეცა. ზექიე დავითაძეს 100 წელი 3 ივლისს შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს საიუბილეო თარიღი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა მიულოცეს. ზექიე დავითაძეს 2 შვილი, 8 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი ჰყავს.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების" პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა.