საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების განხილვას "კლოუნადას" უწოდებს.
"რუსეთი ცდილობს აფხაზეთი და ცხინვალი საკუთარ სამხედრო პოლიგონად აქციოს. ეს არის კლოუნადა და რა ე.წ. ხელშეკრულებებიც არ უნდა მიიღოს დუმამ, მას არც პოლიტიკური მნიშვნელობა და არც იურიული ძალა არ ექნება", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, სეპარატისტებსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ყველა შეთანხმება ადრე თუ გვიან ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდება.
"რა ხელშეკრულებებსაც არ უნდა მოაწერონ ხელი, საქართველოს შიგნით არანაირი საზღვარი არ ყოფილა და არც იქნება. ამას არც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დაცვის შესახებ ხელშეკრულებას განიხილავს. შეთანხმების თანახმად, რუსეთს უფლება ენიჭება ე.წ. სახელმწიფო საზღვრები სრულად გააკონტროლოს, მათ შორის საზღვაო აკვატორიაც.
ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების მთელ პერიმეტრზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები განლაგდებიან.
დოკუმენტში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუს აგრესორთა მესაზღვრეების სტატუსი და პირობებიცაა გაწერილი.
აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმებების განხილვის წინადადებით დუმას პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები