შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს „ნორჩ მაშველთა" კლუბის შვიდწევრიანმა ჯგუფმა 22-28 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართულ „ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. „ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრი ჰეიდარ ალიევის დაბადების 91-ე წლისთავს მიეძღვნა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს წარმომადგენლებმა „ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის 82-ე და 119-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე მოსწავლეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე გაიარეს სამაშველო-სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა.
აზერბაიჯანში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა - საქართველოდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. „ნორჩი მაშველების" მონაწილეობით დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო შეჯიბრი და კონკურსი, კერძოდ: კომბინირებული სახანძრო ესტაფეტა, ტყის მასივში საძიებო-სამაშველო მოქმედებები, ესტაფეტა სხვადასხვა სახის დაბრკოლებების გადალახვით, „საინფორმაციო ფურცელი", რომელშიც აისახა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს უსაფრთხო მოქმედებების წესები, „სავიზიტო ბარათი" - კონკურსი
ითვალისწინებდა ნორჩ მაშველთა კლუბის საქმიანობის წარდგენასა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ყველა მონაწილე გუნდი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.