აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკის რეგიონის მარშალის ოფისში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის საკითხი. ასევე იმსჯელეს პროგნოზირების ობსერვატორიის საიტის შექმნისა და ვიზუალიზაციის საკითხებზე.
დასაქმების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მალოპოლსკას რეგიონის შრომის ოფისსაც ეწვივნენ, სადაც დასაქმების სააგენტომ თავისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, როგორ ვაწარმოოთ კვლევა, როგორ მოვარგოთ მალოპოლსკას რეგიონის გამოცდილება აჭარის შრომის ბაზარს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების კვლევა და კურსდამთავრებულთა კარიერის კვლევა, ეს ის საკითხებია რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.
დელეგაცის წევრები კრაკოვის სოციალურ სახლსაც ეწვივნენ, სადაც ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სოციალური ცენტრის პაციენტებმა სტუმრებისათვის სპეკტაკლი გამართეს. ჩვენების შემდეგ, აჭარის წარომადგენლებმა აჭარაში არსებულ სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
ვიზიტი დასასრულს აჭარის დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკის რეგიონის ვიცე მარშალმა ჯაცეკ კრუპამ უმასპინძლა და კმაყოფილება გამოთქვა აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მეგობრულ ურთიერთობაზე. მისი განცხადებით, მალოპოლსკას რეგიონი მზად არის ითანამშრომლოს და თავისი გამოცდილება გაუზიაროს აჭარის რეგიონს. შეხვედრის ბოლოს ვიცე მარშალმა სტუმრებს საჩუქრები გადასცა.