ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის 29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 31,89%-მა (4451 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. 9 ოლქიდან ყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (72,68%) და ტყიბულის (41,91%) ოლქები გამოირჩევა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს; პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა.
"საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათი რჩება, იმ საარჩევნო უბნების ამომრჩევლებს, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, მოგიწოდებთ - გააქტიურდეთ და მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში" - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო მონაცემებს 20:30 სთ-ზე წარადგენს.