არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება" მიესალმება „ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერას, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, დოკუმენტის ეფექტიანი განხორციელება ფაქტიურად შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, სამართლიანი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულებასა და განმტკიცებას.
უმნიშვნელოვანეს საკითხად მივიჩნევთ ევროკავშირის მიერ ინსტიტუციონალური ვალდებულების აღებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების თვალსაზრისით. ამასთან, მხარეთა ის ვალდებულება რომლითაც, ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაშორებული საზოგადოების ჩათვლით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის მეტად მიმზიდველს ხდის.
საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხისთვის უდიდესი სიკეთის მომტანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება, რასაც „ასოცირების შესახებ შეთანხმება" ითვალისწინებს. ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და გაფართოება, ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს შექმნის.
ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებული განათლების საკითხები, მივესალმებით შეთანხმების შედეგად საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და მისი მოდერნიზაცია ევროპულ სტანდარტებამდე."
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" სრულიად საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის პროგრესული განვითარების გზაზე გადასვლას ულოცავს.