საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. რუმინეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებთან შეხვედრები „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის" პარალელურად მიმდინარეობდა.
შეხვედრების მთავარი თემები იყო პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები.
ვალერიუ ნიკუტთან და ჰასან ქემან იარდემჩისთან შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით. მხარეებმა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თურქეთის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ორივე ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერას და მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა სექტემბერში უელსის სამიტზე, გადაიდგას ნაბიჯი წინ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით.
დღესვე, მიხეილ დარჩიაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და უკრაინის თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბოლო პერიოდში თავდაცვის ტრანსფორმაციის კუთხით გატარებული რეფორმების და მიღწეული პროგრესის გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.