რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატა სეპარატისტულ აფხაზეთს ფინანსური კონტროლის საკუთარი სისტემის შექმნაში დაეხმარება. შეთანხმებას ამის შესახებ რუსეთის საანგარიშო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი სტეპაშინმა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
"აფხაზეთის რესპუბლიკას ჯერ არ ჰყავს რეალური პარტნიორი რუსეთის გარდა, რუსეთის გარდა, აფხაზეთს არავინ ეხმარება", _ განაცხადა ბაღაფშმა სტეპაშინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, იმისათვის რომ ეკონომიკა ეფექტური იყოს საჭიროა, თანხა დანიშნულების ადგილამდე მიდიოდეს და არ იკარგებოდეს. ხოლო სეროზული კონტროლის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. ხუთი წლის წინ საკონტროლო არაფერი იყო, ამჟამად კი ეკონომიკა კარგი ტემპებით ვითარდება და მოდიან ინვესტორები", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ამას გარდა, ბაღაფშისა და სტეპაშინის შეხვედრაზე ტურიზმის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. სტეპაშინის განცხადებით, მიმდინარე წელს აფხაზეთში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზრდება.
"საჭიროა, რომ აფხაზეთში უახლოეს დროში ევროპაში ყველაზე საუკეთესო კურორტები იყოს", _ დასძინა სტეპაშინმა.