რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის ხელმძღვანელი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის 2010 წელს დაპირებული 3 მილიარდი რუბლიდან ჯერ ერთი კაპიკიც არ გადაურიცხავს. ეს განცხადება სტეპაშინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"2012 წლამდე რუსეთი აფხაზეთს 10 მილიარდ რუბლს გადაურიცხავს, წელს _ 3 მილიარდ რუბლს. შემიძლია გავაკრიტიკო რუსეთის რეგიონების სამინისტრო, რომელიც ამ საკითხითაა დაკავებული. უკვე პირველი კვარტალი სრულდება და არც ერთი კაპიკი გადარიცხული ჯერ არ არის. როგორც ჩანს, ვიღაცას სურს ხელი მოითბოს ამ სიტუაციაზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", _ განაცხადა სტეპაშინმა.
მისი განცხადებით, ბაღაფშთან მოლაპარაკების დროს ისინი შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთში ყოველივეზე ფინანსური კონტროლი დამყარდება.
"რუსეთის საანგარიშო პალატა მზადაა დახმარების გასაწევად. ბაღაფშმა დაადასტურა, რომ საანგარიშო პალატა აფხაზეთშიც უნდა იყოს", _ განაცხადა სტეპაშინმა და დასძინა, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება აფხაზეთის ინფრასტრუქტურის, სანატორიუმებისა და დასასვენებელი ადგილების აღდგენას მოხმარდება.
თავის მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დასძინა, რომ ყოველივე სახელმწიფოსა და იმ სტრუქტურის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რომელიც მალე აფხაზეთში შეიქმნება.
"ჩვენ მრავალი რამ უნდა ვისწავლოთ, აქ გამოვაგზავნით ხალხს, რომლებიც აუდიტს შეისწავლიან", _ განაცხადა ბაღაფშმა.