ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებელეთან" ინტერვიუში ,,როიტერის" სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, ვნახავთ ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას.
"ჯერ ადრეა დასკვნებზე საუბარი, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. ჩვენ დავასრულეთ მუშაობა 4 ასპირანტი ქვეყნის შესახებ 4 ანგარიშზე - საქართველო მათაგან ერთ-ერთია. ანგარიშები გავუგზავნეთ მინისტრებს. მათი მთავარი მიზანია აღწერა იმის, თუ როგორ მიდის თანამშრომლობა ამ სახელმწიფოებთან და რა პროგრესი გვაქვს სახეზე. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურია. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, ჩვენ ვნახავთ ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას, პაკეტი კი შეიძლება მოიცავდეს ბევრ ელემენტს. ამ ელემენტებს კიდევ განიხილავენ. საქართველო უნდა ელოდოს ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას, ნატო-ს გაზრდილ პერსონალს თქვენს ქვეყანაში, მეტ შესაძლებლობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის. Pპროგრეესი უნდა აისახოს", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე განმარტებით, ნატოს სამიტზე იქნება საფუძველი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.
,,დარწმუნებული ვარ, იქნება საფუძველი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის - რა ორდენი იქნება ამ პროგრესის დასადასტურებლად, ამაზე იმსჯელებენ მინისტრები. სამუშაო ვარიანტი გვექნება სამიტამდე ორი კვირით ადრე და სწორედ მაშინ გავიგებთ ზუსტად, თუ როგორ იქნება დაფიქსირებული ეს თანამშრომლობა. მე ვიცი, თქვენ გინდათ ზუსტი პასუხი მოისმინოთ, მაგრამ ჯერ არ ვართ მისული ფინალურ მომენტამდე", - განაცხადა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ "როიტერის" ინფორმაციით, უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. Aამის შესახებ "როიტერი" ნატო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.