ნატომ უნდა ჩამოიშოროს "ცივი ომის" ბორკილები და XXI საუკუნის ალიანსად უნდა იქცეს, რომელიც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მასშტაბური ამოცანების შესრულებას შეძლებს. ეს იმისთვისაა საჭირო, თუკი ამ ორგანიზაციას სურს ეფექტურად ებრძოლოს ტერორისტულ საფრთხეებსა და არშემდგარ სახელმწიფოებს. განცხადება ამის შესახებ კანადის ორმა სამხედრო ლობისტურმა ორგანიზაციამ გააკეთა.
"ამჟამად კანადელების მხარდაჭერა ნატოსადმი ძალიან დიდია, თუმცა იგი შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს", - ნათქვამია "თავდაცვითი ასოციაციების კონფერენციის" ინსტიტუტისა და კანადის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში.
"უზარმაზარი სამხედრო რესურსები, რომელიც ევროპის ტერიტორიული თავდაცვისთვის გამოიყოფა, აუცილებელია გლობალურ საფრთხეებთან საბრძოლველად წარიმართოს", - აცხადებს ამ გამოკვლევის მთავარი ავტორი კანადის ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატი პოლ ჩაპლინი, რომელიც ნატოში მოსკოვსა და ვაშინგტონში მუშაობდა.
მისი თქმით, ავღანეთმა სადაც კანადამ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, კარგად დაანახა ყველას ამ ალიანსის ხარვეზები. აღნიშნული ანგარიში კანადის ნატოში ყოფნის პერსპექტივების შეფასებისთვის შეიქმნა, იმ პერიოდში, როდესაც ალიანსი თავისი თავისათვის ახალი სტრატეგიის შემუშავების გზაზე დგას. ახალი სტრატეგია კი ლისაბონში შემოდგომაზე გამართულ სამიტზე იქნება გახმაურებული.
"მაგრამ რადგანაც ჰარპერის მთავრობამ დაბეჯითებით გადაწყვიტა ავღანეთიდან კანადური ჯარების გამოყვანა 2011 წლის ზაფხულში, ამ ანგარიშში ასევე არის მცდელობა, შენარჩუნებულ იქნეს კანადის ყოფნა ამ სამხედრო კავშირში", - ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის კანადელი სამხედროების ყოფნა საზღვარგარეთ დასრულდება. მაშინ უკვე კანადას, გაეროსა და ნატოს რიგებში წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე კანადელი ჯარისკაცების რაოდენობა ყველაზე მცირე იქნება, ვიდრე მთელი ისტორიის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით შექმნილ ექსპერტების ჯგუფს სთხოვა, მრავალრიცხოვანი არგუმენტებისა და ქვეყნების მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით ანალიზი გაეკეთებინათ და ახალი სტრატეგიული კონცეფციისთვის რეკომენდაციები მიეცათ. ამის მიუხედავად, ნატო თავის საფუძველში ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციად რჩება, რაც ცოტათი ეწინააღმდეგება მისი მოქმედების გლობალურ მასშტაბებს, რომელშიც შედის ათწლიანი და თითქმის დასასრულის არმქონე ომი ავღანეთში და სომალის სანაპიროებთან მეკობრეთა დევნა.