სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი _ სოხუმის მაინმუნთსაშენი მოინახულა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანქვაბს სოხუმის მაინმუნთსაშენი არსებული მდგომარეობა და პირობები აინტერესებდა. "ვიცე-პრეზიდენტს აინტერესებდა მთელი ინსტიტუტის ტერიტორიის სანიტარული მდგომარეობა. მან ასევე დაათვალიერა ლაბორატორიის კორპუსები, რომლებიც ომის შემდეგ სრულიად გაუდაბურდა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ანქვაბმა მაინმუნთსაშენის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა.
"სარემონტო სამუშაოსთვის მცირე სახსრები როდი იქნება საჭირო. ამიტომაც აუცილებელია პირველადი ამოცანების განსაზღვრა. სოხუმის მაიმუნთსაშენი უნიკალური საექსკურსიო ობიექტია, რომლის სანახავადაც ტურისტები ყველაზე უფრო ხშირად დადიან. ამიტომაც იგი ახლანდელი საზაფხულო სეზონისათვის უნდა განახლდეს", _ განაცხადა ანქვაბმა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დღეს სოხუმის მაიმუნთსაშენში 300 პრიმატია, სულ ახლახან კი კიდევ ორი მაკაკა გაჩნდა. ყოველთვიურად მაიმუნების გამოსაკვებად ე. წ. სახელმწიფო 256 ათას რუბლს გამოყოფს.