აშშ-ის სასამართლომ უარი განაცხადა სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკული კავშირის მოთხოვნის შესრულებაზე, რომელშიც კავშირი 2001 წლის 11 სექტემბრის საქმეში იმ ადამიანების ვინაობის, ფოტოებისა და პირადი დოკუმენტების გამოქვეყნებას ეხებოდაა რომლებიც ეჭვმიტანილების მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეში ფიგურირებდნენ. ამით აშშ-ის სასამართლომ უკვე მეორედ უარი განაცხადა მსგავსი სარჩელების დაკმაყოფილებაზე, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიმართ იყო წარმოდგენილი.
მოსამართლემ ელვინ ელერსტეინმა განაცხადა, რომ მისი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში არ შეცვლილა და უახლოეს მომავალში შესაბამისი დადგენილებაც გამოქვეყნდება.
გასული წლის სექტემბერში სასამართლომ სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკული კავშირის მიერ წარმოდგენილი იმ სარჩელის დაკმაყოფილებაზედაც განაცხადა უარი, რომელიც მათთვის იმ ჩანაწერის გადაცემას ეხებოდა, სადაც მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულება დასტურდებოდა. მაშინ მოსამართლემ განაცხადა, რომ იგი ვალდებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელოს, რომელიც ამ საკითხში "საფუძველთა საფუძველია".
თავის მხრივ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ამგვარი შინაარსის დოკუმენტების გახსნა და ტერორისტთა დაკითხვების გამომზეურება ნაციონალურ უსაფრთხოებას დიდ ზარალს მიაყენებს.
სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკული კავშირი დაახლოებით 580 დოკუმენტის გამოქვეყნებას მოითხოვს, რომელშიც ვიდეოდაკითხვებიც შედის. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის აიკლ ჰეიდენის აღიარებით, 2002-იდან 2006 წლამდე ამ უწყების თანამშრომლებმა დაკავეს და ჰკითხავდნენ დაახლოებით ას ადამიანს. მისი თქმით, ამ რაოდენობის მესამედის მიმართ აღიარებითი ჩვენების მისაღებად "უკიდურესი მეთოდები იქნა გამოყენებული", მათ შორის "ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავის წყალში ჩაყოფის მეთოდი".
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახლანდელი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამად უკვე აღიარებითი ჩვენების მისაღებად ეს უწყება ამგვარი მეთოდების გამოყენებით არ მუშაობს.
გასული წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იკრძალება იმ პირების მიმართ წამების გამოყენება, რომლებიც სამხედროების ან სპეცსამსახურების წარმომადგენლების ხელთ იმყოფებიან.
ობამამ ასევე დაავალა დაიხუროს ყველა საიდუმლო ციხე, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აქვს შექმნილი აშშ-ის ფარგლებს გარეთ და რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ დაწყებული კამპანიის ნაწილია გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ განკარგულებისა, ობამა ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც მსჯავრდებულთა მიმართ ამ მეთოდებს გამოიყენებენ, სასამართლო პასუხისმგებლობაში მიცემულნი არ იქნებიან.