ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო შემცირდება, მაგრამ მისი დაშლა არ მოხდება. მისი თქმით, "საჭიროა თავდაცვის სამინისტროს კადრების შემცირების განხორციელება, მაგრამ იქ არის ხერხემალი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და მისთვის უკეთესი პირობები შევქმნათ".
კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ შემცირებაში პირველ რიგში უნდა მოყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სამხედრო სამსახურისათვის შესაფერისნი არ არიან, თუნდაც ასაკით.
კოკოითი ასევე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით მიღებული არ არის.
"მანამდე კი ჩვენი სამხედროები გამარჯვების 65-ე წლისთავისათვის უნდა მოემზადონ. ამ დღეს მათთვის ახალი ფორმა შეიკერება", _ განაცხადა კოკოითმა.