პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაცია და მისი თავმჯდომარე იან ლანდალი მიიღო. შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის აუდიტორულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ისაუბრეს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.
ამასთან, განიხილეს საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. მემორანდუმის თანახმად, შვედეთის სახელმწიფო საქართველოს კონტროლის პალატას 7 მილიონ შვედურ კრონს გამოუყოფს. დახმარება ითვალისწინებს კონტროლის პალატაში ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიისა და კადრების განვითარების სისტემის დანერგვას, აუდიტის პროცესში პროგრამული ტექნოლოგოების გამოყენებას და სხვა საკითხებს. კონტროლის პალატის რეფორმების პროცესი მთლიანად მხარდაჭერილი იქნება შვედეთის აუდიტორული ოფისის მხრიდან.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2012 წლისთვის კონტროლის პალატის სისტემა მთლიანად დასავლურ სტანდარტებზე გადავადა და სადამსჯელო სისტემას აუდიტის სისტემა ჩაანაცვლებს.
"საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო ფინანსების კონტროლის ძირეული ცვლილება. კონტროლის პალატა 2012 წლისთვის შეძლებს შეცვალოს მუშობის ფილოსოფია - სადამსჯელო სისტემიდან გადავიდეს აუდიტის სისტემაზე, რომლის ამოცანა არა ადამიანების დასჯა, არამედ მათთვის ისეთი პირობების შექმნაა, როდესაც მათ არ მოუვათ შეცდომა და მოხდება დანაშაულის პრევენცია", _ განაცხადა მან.
შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 26 მარტს დასრულდება.