2009 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 758,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19,0 პროცენტით ნაკლებია. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 3,7 პროცენტული პუნქტით - 15,5 პროცენტიდან 19,2 პროცენტამდე - გაიზარდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, თურქეთში ექსპორტი 178,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის 73,8 პროცენტია. ყველაზე მეტად შემცირებულია შავი ლითონების ჯართის (60,5 მლნ. აშშ დოლარით), ალუმინის ჯართის (8,8 მლნ. აშშ დოლარით) და აზოტოვანი სასუქების (5,6 მლნ. აშშ დოლარით) ექსპორტი. თუმცა, გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი როგორიცაა: ზეთოვანი კულტურების თესლების ფქვილი (21,1 მლნ. აშშ დოლარით), კოპტონი (4,4 მლნ. აშშ დოლარით) და თხილი (1,9 მლნ. აშშ დოლარით). შემცირება (114,5 მლნ. აშშ დოლარი) ფიქსირდება თურქეთიდან იმპორტში. მნიშვნელოვნად შემცირებულია ნავთობი და ნავთობპროდუქტების (14,5 მლნ. აშშ დოლარით), შავი ლითონების ლითონკონსტრუქციების (6,5 მლნ. აშშ დოლარით) და მერქან-ბურბუშელის ფილების (5,6 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.გაზრდილია ქაღალდისა და მუყაოს (2,3 მლნ. აშშ დოლარით), ცემენტის (2,1 მლნ. აშშ დოლარით) და დამუშავებული ქვის (1,6 მლნ. აშშ დოლარით) ჯგუფების იმპორტი.