სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილ სახსრებს კვლავ რუსეთი გააკონტროლებს. ეს განცხადება აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა. მისი თქმით, მაკონტროლებელი სტრუქტურა იქნება იმ სტრუქტურის მსგავსი, რომელიც ასევე რუსეთიდან გამოყოფილ სახსრებს ე. წ. სამხრეთ ოსეთში აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 10 მილიარდი რუბლის გამოყოფას აპირებს. ამ თანხაზე კონტროლს კი რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრო გააკონტროლებს. ამისათვის რუსეთის ამ სამინისტროში სპეციალური დირექციის შექმნა უახლოეს დროში იგეგმება.
შამბა ასევე აცხადებს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შექმნილია პარლამენტთაშორისი კომისია, რომელიც კვარტალში ერთხელ შეიკრიბება და რომლის უახლოესი სხდომა მოსკოვში 27 მარტს გაიმართება.
"მაშინ, როდესაც აფხაზეთისთვის თანხები რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან მოდიოდა, ეს პროცესი აქ ერთობლივად კონტროლირდებოდა. რუსული მხრიდან არსებობდა სპეციალური რწმუნებული, რომელიც ამ საკითხებით იყო დაკავებული. სხვათა შორის ეს საქმიანობა უშიშროების სამინისტროსთან კოორდინაციაში მოდიოდა. პროცესი გამჭვირვალე და კონტროლირებადი იყო", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ ყველა გასული წლის განმავლობაში "აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ყველა დახარჯულ კაპიკზე ანგარიშს აბარებდა და რუსეთის ხელისუფლებასაც არავითარი პრეტენზია არ აქვს რუსული თანხის აქ ხარჯვის გამო".