დედაქალაქის მერობა გია მაისაშვილსაც სურს. ის საკუთარ კანდიდატურას იმ სოციოლოგიურ გამოკითხვაში დააყენებს, რომელსაც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად "ეროვნული საბჭო" ჩაატარებს.
როგორც "მომავლის პარტიის" დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაისაშვილი საარჩევნო კამპანიის წარმოებას უახლოესი კვირების განმავლობაში დაიწყებს.
"ახლა ის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა იქედან მალე დაბრუნდება და ამომრჩევლებთან შეხვედრას დაიწყებს", - განმარტა ტყებუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭო" თბილისის მერის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად თავდაპირველად პრაიმერის ჩატარებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება გადაწყდა.